მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის პირველი სამი კვარტალი: ადგილობრივი ექსპორტი

61bf3d5c7e381
ეგნატე შამუგია
21.12.21 10:15
1158
მიმდინარე წლის პირველ სამი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 10.9%-ით გაიზარდა. ცხადია, აღნიშნული მაჩვენებელი ნაწილობრივი საბაზისო ეფექტითაა განპირობებული, რადგან გასულ წელის ამავე პერიოდში ეკონომიკა 6.4%-ით იყო შემცირებული. თუმცა, არამხოლოდ საბაზისო ეფექტი, არამედ პანდემიამდე პერიოდის, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც ზრდაა. მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში რეალური ეკონომიკის მოცულობა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3.8%-ით აჭარბებს. ამდენად, ეკონომიკის აღდგენის დინამიკა მკვეთრად დადებითია. შესაბამისად, პანდემიამდე ნიშნულებს სწრაფად უბრუნდება საგარეო ვაჭრობის ნიშნულები, რომელსაც ეკონომიკური ზრდაში განსაკუთრებული როლი გააჩნია. კერძოდ, გამოკვეთილად მნიშვნელოვანი ადგილობრივი ექსპორტია. ეკონომიკურ ზრდაში ვაჭრობის განსაკუთრებული როლი ეკონომიკის ღიაობას უკავშირდება. ეს კი ნიშნავს, რომ მოთხოვნის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი საგარეო მოხმარებას გააჩნია და შესაბამისად, ადგილობრივი წარმოება სხვა ქვეყნის ადგილობრივი მოხმარებას აკმაყოფილებს. ამდენად, საქართველოს ზრდის ნიშნულს ნაწილობრივ რეგიონში არსებულ მდგომარეობა განაპირობებს, რადგან ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები სწორედ რეგიონიდანაა. მაგალითად, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და რეგიონის მიღმა ჩინეთი. ეს უკანასკნელი უკვე მეორე წელია საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანაა.
 
ამ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება კი საქართველოზეც დადებითად აისახება, რადგან საქართველო საკმაოდ ღია ეკონომიკის ქვეყანაა. ბოლო ათი წლის მანძილზე სავაჭრო ბრუნვა მთლიანი ეკონომიკის საშუალოდ 98.5%-ია, რითაც 200 ეკონომიკურ ერთეულს შორის 72-ე ადგილს იკავებს და რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად ღიაა ეკონომიკის სტატუსი ფლობს. თუმცა, საქართველოს უმეტეს ქვეყანასთან უარყოფითი სავაჭრო მაჩვენებელი გააჩნია და მთლიანობაში ისტორიულად უარყოფითი სავაჭრო სალდოს მქონე ქვეყანაა. ეს იგი, ქვეყანაში იმპორტირებული საქონელი და მომსახურება აღემატება ექსპორტირებულს.

ფიგურა 1: საქართველოს საგარეო ვაჭრობა, პირველი სამი კვარტალი (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ზემოთ ვახსენეთ საქართველო უფრო მეტი ღირებულების საქონელი და მომსახურების იმპორტს ახორციელებს, ვიდრე ექსპორტს, თუმცა იმპორტირებული საქონელი და მომსახურება მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი, რადგან ნაწილი რეექსპორტზე გადის. რეექსპორტის დიდი წილი სამეზობლოში - აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსპორტირებული ავტომობილები და საქართველოდან ბულგარეთსა და რუმინეთში გატანილი მეტალის მადნებია. ბუნებრივია, რეექსპორტიც ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება, მაგრამ არა ისე, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც ადგილობრივ სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი დამსაქმებელია. რეექსპორტი არა უშუალოდ რეექსპორტიორი ქვეყნის, არამედ სხვა ეკონომიკური ერთეულის ექსპორტია. აღნიშნულიდან სარგებელს რეექსპორტიორი ქვეყანაც იღებს. მაგალითად, ასეთია რეექსპორტის მომსახურება, ხოლო ფისკალურ ნაწილში კი დაბეგვრიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები.

2021 წელს პირველ სამ კვარტალში მთლიანი ექსპორტი 2 981.3 მლნ აშშ დოლარია, სადაც 2 166.1 მლნ დოლარი, 72.7% ადგილობრივი ექსპორტია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 1 720.6 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც მთლიანი ექსპორტის 71.6% იყო. ამდენად, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის 25.9%-იანი ზრდაა, ხოლო რეექსპორტი 19.3%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ გასულ წელის ანალოგიურ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის 2.8%-იანი ზრდა იყო, ხოლო რეექსპორტის 35.7%-იანი კლება. მიმდინარე წელს, პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით, რეექსპორტი 23.3%-ითაა შემცირებული, როცა ამ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის 29.5%-იანი ზრდაა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეექსპორტის შემცირება არამხოლოდ პანდემიას, არამედ სომხეთის მიერ 2020 წლიდან ავტომობილების იმპორტზე დაწესებულ გადასახადს და შესაბამისად, ამ ნაწილში რეექსპორტის კლებასაც უკავშირდება.

პანდემიის პერიოდში კი ადგილობრივ ექსპორტსა და რეექსპორტს შორის თანაფარდობა შეიცვალა, რამაც ნაწილობრივ საექსპორტო ქვეყნების წილის ცვლილებაც განაპირობა, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში ძირითადი საექსპორტო საქონელი რეექსპორტია. მაგალითად ასეთი ქვეყანა ბულგარეთია, სადაც 2019 წელს მთლიანად 284.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, მაგრამ მისი 74.4%, 211.3 მლნ აშშ დოლარი რეექსპორტი იყო. თავად რეექსპორტის 93.3% კი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომელიც საქართველოს რეექსპორტის ძირითადი საქონელია. ხოლო, რეექსპორტისთვის ამ საქონლის იმპორტი ძირითადად სომხეთიდან ხორციელდება (მათ შორის, მცირე ნაწილი ლათინური ამერიკიდან). შესაბამისად, მთლიან ეკონომიკასთან მიმართებითაც ადგილობრივი და რეექსპორტის წილები მკვეთრად შეიცვალა. პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ადგილობრივი ექსპორტის წილი 3.0 პ.პ.-ით, 16.2%-მდეა გაზრდილი, ხოლო რეექსპორტის ფარდობითი მაჩვენებელი 2.3 პ.პ.-ით, 6.1%-მდეა შემცირებული.

ფიგურა 2: საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი, 2021 წლის პირველი სამი კვარტალი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

რეექსპორტის გარეშე, ადგილობრივი საქონელი და მომსახურების საექსპორტო ქვეყნები და მათი წილი განსხვავებულია, ვიდრე მთლიანი ექსპორტი. ამ მხრივ (მთლიანი ექსპორტის კუთხითაც), მიმდინარე წლის პირველ ნახევრის მიხედვით, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ჩინეთია, სადაც იანვარ-სექტემბერში 453.8 მლნ აშშ დოლარი ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.8%-იანი ზრდაა. შედეგად, მიმდინარე წლის პირველ სამი კვარტალის მიხედვით, ადგილობრივ ექსპორტში ჩინეთის წილი 20.9%-ია, რაც წლის პირველ ნახევართან შედარებით 1.0 პ.პ.-ით გაზრდილია. ჩინეთის შემდეგ, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, რომლის წილმა მთლიან ადგილობრივი ექსპორტში 17.9% შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან რუსეთში 388.7 აშშ მლნ დოლარის ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.8%-ით მეტია. აღნიშნულ პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტის მხრივ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ექსპორტის ზრდის მაღალი ნიშნული თურქეთში იყო, სადაც 2021 წლის პირველ სამ კვარტალში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება 69.4%-ითაა გაზრდილი და 220.8 მლნ დოლარს შეადგენს. საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში თურქეთის წილი კი 10.2%-ია. ამდენად, მიმდინარე წლის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტში 49.1%-იანი კონტრიბუცია სწორედ ხსენებულ სამ ქვეყანას გააჩნია. ეს კი ადგილობრივი ექსპორტის ნაწილში ნაკლებად დივერსიფიცირებულ მდგომარეობაზე მიუთითებს. პირველ ნახევართან შედარებით, ექსპორტი უფრო ნაკლებად დივერფიცირებული გახდა, რადგან აღნიშნულ პერიოდში სამივე ქვეყნის წილი 48.6% იყო.

საქართველოს ძირითადი ადგილობრივი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და ფეროშენადნობებია, რომელიც იანვარ-სექტემბერში 888.2 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განხორციელდა, რაც ამავე პერიოდის მთლიან ადგილობრივი ექსპორტის 41.0%-ია. ამდენად, სპილენძის მადნები და ფეროშენადნობი არამხოლოდ რეექსპორტის კუთხითაა ძირითადი საექსპორტო საქონელი, არამედ ადგილობრივ ექსპორტში მაღალი წილი უჭირავს. გარდა ინდუსტრიული წარმოებისა, ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილია სოფლის მეურნეობა. კერძოდ, ღვინო და თხილის ექსპორტი. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 165.7 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც ადგილობრივი ექსპორტის 7.6%-ია. ამავე პერიოდში თხილი და კაკლის ექსპორტის ღირებულებამ 68.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ადგილობრივი ექსპორტის მხოლოდ 3.2%-ს შეადგენს.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექსპორტში რეექსპორტის წილი მაღალია, რაც ძირითადად სპილენძის მადნების და ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება, თუმცა ადგილობრივ ექსპორტშიც სპილენძის მადნების წილი თვალსაჩინოა. პანდემიის პერიოდში კი ექსპორტის თანაფარდობა შეიცვალა. 2020 წლიდან ადგილობრივი ექსპორტის წილი იზრდება. ამის მიზეზი არამხოლოდ რეექსპორტის შემცირება, არამედ თავად ადგილობრივი ექსპორტის ზრდაც არის. ჯამში, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივმა ექსპორტმა 2 166.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25.9%-ითაა გაზრდილი. ეს კი მთლიანი ექსპორტის 72.7%-ს შეადგენს, ხოლო ეკონომიკის 16.2%-ია. აღნიშნული მაჩვენებლები არამხოლოდ 2020 წელთან, არამედ პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც გაზრდილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები