მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალი ჭიქით - ახალი პროდუქტი Mineralgroup-ისგან

641b5a9033454
ლიკა მეგუთნიშვილი
22.03.23 23:55
7876
კომპანია Mineralgroup-მა „თიბისის“ პროგრამა „სტარაპერის“ მხარდაჭერითა და 500 000 ლარის ინვესტიციით, ბორჯომის ხეობაში საწარმო გახსნა, სადაც მინერალური წყლისა და ნატურალური წვენის წარმოების პროცესი მიმდინარეობს.

Mineralgroup-ის მიერ წარმოებული წყალი ორიგინალური შეფუთვით გამოირჩევა და არა ტრადიციულად ბოთლის, არამედ ჭიქის სახითაა წარმოდგენილი.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ზაურ ლაცაბიძემ BMG-ს გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას განაცხადა, მსგავსი შეფუთვით ქართულ ბაზარზე წყალი ჯერ-ჯერობით წარმოდგენილი არ არის და ამიტომ მომხმარებლისთვის ეს საინტერესო სიახლე იქნება.

„იდეა რამდენიმე წლის წინ გაგვიჩნდა და მის განხორციელებაში "თიბისის" პროგრამა „სტარტაპერმა“ ძალიან დიდი როლი შეასრულა. ჩვენი საწარმო ბორჯომის ხეობაში, ცხრა მუხაში მდებარეობს, მისი წარმადობა დღეში 100 000 ჭიქაა. რაც შეეხება წყალს, ის 87 მეტრიანი ჭაბურღილიდან ამოგვაქვს, ტექნიკური ფილტრებით ვამუშავებთ და ამიტომ არანაირ ქიმიურ დანამატს არ შეიცავს. ვცდილობთ, სრულყოფილად შევინარჩუნოთ ის მინერალური და გემოვნური თვისებები, რაც მას აქვს. ქართულ ბაზარზე აპრილის შუა რიცხვებიდან ჩვენი წყალი უკვე რეალიზაციაში გავა“, - აცხადებს ზაურ ლაცაბიძე.

რაც შეეხება წვენების წარმოებას, როგორც ზაურ ლაცაბიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე ტექნიკური დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, კომპანიაში რამდენიმე ნიმუში უკვე შეიქმნა და მომავალ წელს საწარმო ამ მიმართულებითაც სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას.

„ჩვენი წვენები 100%-ით ნატურალურია და არანაირ შაქარსა და კონსერვანტებს არ შეიცავს. რაც შეეხება ფორმას, წვენიც ჭიქით იქნება წარმოდგენილი, ასევე გვინდა Bag in Box ფორმითაც გამოვუშვათ და თანდათან შუშის მიმართულებაც განვავითაროთ. ასევე ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომელიც ხილის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას გულისხმობს, რაც წაახალისებს ადგილობრივ მებაღეებს და ერთგვარი მოტივაციაც იქნება ჩვენი რაიონისთვის“, - აცხადებს ლაცაბიძე.

MineralGroup-ის დამფუძნებელი ასევე ამბობს, რომ კომპანია საექსპორტო მიმართულების განსავითარებლადაც აქტიურად მუშაობს.

„წვენის ნიმუშები უკვე გავგზავნეთ ისრაელში, რასაც საკმაოდ დიდი დაინტერესება მოჰყვა. გარდა ამისა, მოლაპარაკებებს გაერთიანებულ სამეფოსთანაც ვაწარმოებთ. ამის პარალელურად კი გვინდა, ადგილობრივი წარმოების მასშტაბი კიდევ უფრო გავაფართოოთ“, - აღნიშნა ზაურ ლაცაბიძემ.

ცნობისთვის: 2021 წელს დაფუძნებული კომპანია Mineralgroup-ი ორ ბრენდს, Mineral-სა და EasyJuice-ს აერთიანებს და ბაზარს ნატურალურ წვენსა და მინერალურ წყალს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები