მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან ბაკურიანში სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდება

63eb6e0675baf
თამთა ჯიჯავაძე
14.02.23 15:36
1036
ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, საუბარია შემდეგ შეზღუდვებზე:

15 თებერვლიდან - 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00-დან - 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება "რუმსი-კოხტას" საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე.

15 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ კუთხის "ნიკორამდე".

15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 09:00-დან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის, სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე - კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე.

16:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე კი საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად.

გარდა ამისა, როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო - 09:00-დან 18:00 საათამდე.

"გაითვალისწინეთ, საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე, 10:00-დან - 16:00 საათამდე, დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის, შემდეგ არეალებში:
-სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან);
-25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს;
-მუნიციპალური ავტოსადგომი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე.
-15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ორივე მონაკვეთზე:
-რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე;
-დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე.

გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში.
არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება:
-სასტუმრო მგზავრებიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე;
-ე.წ. კუთხის ნიკორადან ანდეზიტის მიმართულებით პირველ გზაჯვარედინამდე;
-დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე.

ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე, აკრძალულია საჭაპანო და საპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი
ცხოველებისა და მოტოტრანსპორტის მოძრაობა", - წერს მთის ტრასების სააგენტო.

შეგახსენებთ, საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში გაიმართება. შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

2023 წლის ჩემპიონატისთვის ბაკურიანში 270 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა - პრემიერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები