“ხვანჭკარის ღვინის მარანმა” ბაზრების დივერსიფიცირება დაიწყო, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის გამო ჩრდილოელი მეზობელი კომპანიისთვის არასტაბილურ ბაზრად იქცა. კომპანიის დირექტორი გიორგი ჭანტურია ალტერნატიულ საექსპორტო ბაზრად რამდენიმე ქვეყანას განიხილავს.
აშშ-ში კი ერთ-ერთი პირველი ბაზარი იქნება, სადაც “ხვანჭკარის ღვინის მარანი” ღვინოს დაახლოებით თვენახევარში გაყიდის. ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ ჯერზე 15 000 ბოთლის ექსპორტი განხორციელდება.
“აშშ-ში ჩვენი ღვინის საშულო ფასი 5 დოლარიდან 8 დოლარის ფარგლებში იქნება. გასულ წელთან შედარებით წლევანდელი წელი შედარებით რთულად მიმდინარეობს, რადგან მსოფლიოში გაუთვალისწინებელი მოვლენები ხდება, მათ შორის როგორიცაა, რუსეთ-უკრაინის ომი. ამ ფაქტმა ქართული ღვინის და ჩვენი კომპანიის საექსპორტო მაჩვენებლებზე უარყოფითად იმოქმედა. ომის დაწყებიდან დღემდე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩვენი გაყიდვები 30%-ით შემცირებულია, თუმცა ბაზრების დივერსიფიცირება დავიწყეთ.
წელს დიუსელდორფში გამოფენაზე ვიმყოფებოდით, საიდანაც საინტერესო წინადადებები წამოვიღე, ასევე მიმდინარე თვეში სლოვაკეთშიც დეგუსტაციაა ჩანიშნული, სადაც საბოლოო შედეგს მივაღწევთ და კონტრაქტსაც მოვაწერთ ხელს", - აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.
“ხვანჭკარის ღვინის მარნის” საექსპორტო ღვინოების 100%-დან 30% რუსეთზე მოდიოდა, 50% ქვეყნის შიგნით, ხოლო 20% ევროპის ქვეყნებში იყიდება. საქართველოს ბაზარზე კომპანიის ღვინოები სუპერმარკეტების ქსელებში 60 ლარი ღირს.