მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზოგიერთმა ეს ბიზნესი შეწყვიტა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა“ - ავტოიმპორტიორების გამოწვევები

60840b95b5408
ლიკა გურაბანიძე
24.04.21 17:17
861
GALT & TAGGART-ის შეფასებით, 2005 წლიდან საქართველო ავტომობილებით ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად საკუთარი ავტომობილების წარმოების გარეშე ჩამოყალიბდა. საინვესტიციო ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2020 წელი ავტომობილების იმპორტიორი კომპანიებისთვის რთული აღმოჩნდა და მათ შემოსავლებში კლება შეინიშნება. ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს ბაზრის მოთამაშეებიც ადასტურებენ.

როგორც bm.ge-ს კომპანია “ქარლოუდში“ განუცხადეს, საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების რეექსპორტის შემცირება სექტორისთვის ყველაზე დიდი, დანაკლისი იყო.

საქმე ისაა, რომ მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ, მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს, დამატებით, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული.

„ქარლოუდისთვის“, ისევე როგორც ბაზრის სხვა მოთამაშეებისთვის გამოწვევა იყო კორონავირუსის პანდემიაც, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ „მდგომარეობა სასიკეთოდ მაინც შემოაბრუნეს და ტვირთბრუნვას არ უჩივიან.

„2020 წლის მეორე ნახევრიდან გაყიდვების ზრდაც დაგვიფიქსიდა. იმ დილერების მოძებნა დავიწყეთ, რომლებიც უკრაინაში არიან, ასევე ოფისი გავხსენით უკრაინაში და იქ ხალხი დავასაქმეთ. ჩვენ უკვე, ძირითადად, არა ქართველ დილერებზე, არამედ უკრაინის და აზერბაიჯანის მომხმარებელზე ვართ დამოკიდებული“, - განაცხადა “ქარლოუდის” დამფუძნებელმა ლევან ლუხავამ.

“ავტოიმპორტიორთა ასოციაციაშიც“ კი აცხადებენ, რომ რეგიონში წამყვანი პოზიციების შენარჩუნებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

“კოვიდ პანდემიამ ისედაც პრობლემებით დატვირთულ სექტორს უფრო დიდი ზიანი მიაყენა. გასული წელი ჩვენი სექტორისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ავტოიმპორტიორები შეფერხდნენ, მეტიც, ზოგიერთმა ეს ბიზნესი შეწყვიტა უბრალოდ იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდა“, - აღნიშნა “ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” თავმჯდომარე ლაშა დარბაისელმა.

ცნობისთვის: საქართველოში ავტომობილები ძირითადად იაპონიიდან და ამერიკიდან შემოდის, რომლებიც შეკეთების შემდეგ ადგილობრივ და რეგიონის ბაზრებზე იყიდება. შედეგად, ავტომობილები საქართველოს საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი საქონელია. 2017-2020 წლებში ქვეყანას რეექსპორტიდან საშუალოდ მლრდ 500 მლნ ლარის შემოსავალი აქვს. 2019 წელს რეექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 834 მლნ დოლარი იყო, ხოლო 2020 წელს - 437 მლნ დოლარი. ავტომობილების ბიზნესი, საქართველოში ყოველწლიური შემოსავლების საშუალოდ 31%-ს ავტომობილების რეექსპორტით აგენერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები