მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად ციკოლიას საათების წარმოება შვეიცარიიდან საქართველოში გადმოაქვს

61c9d48a8caac
ვიქტორია მღებრიშვილი
28.12.21 19:09
7417
ცნობილი სამეწარმეო დიზაინერი ზვიად ციკოლია TSIKOLIA-ს ბრენდის ექსკლუზიური დიზაინის და შვეიცარიული ხარისხის საათების წარმოების შვეცარიიდან საქართველოში გადმოტანას 2022 წლიდან გეგმავს.

როგორც BM.GE-ს დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ განუცხადა, საწარმოო ხაზი აწყობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„TSIKOLIA-ს ბრენდის საათების საწარმოს საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებით პროცესები წინ მიიწევს.  „აწარმოე საქართველომ“ ბიუჯეტი დაგვიდასტურა, მანქანა-დანადგარების შეკვეთები მივეცით, რომელიც მაისის ბოლოსთვის უკვე საქართველოში უნდა იყოს, შემდეგ დაიწყება კადრების გადამზადება და ექსპერიმენტები. წარმოების გადმოტანის მიზეზი მარტივია, მჯერა, ჩვენც შეგვიძლია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება საქართველოში, შედეგად, წარწერით "წარმოებულია საქართველოში" TSIKOLIA-ს ბრენდის პირველი ექსკლუზიური საათების საქართველოში წარმოებას მომავალი წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან შევძლებთ“, - განაცხადა ზვიად ციკოლიამ.



მისი ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით ხორციელდება და მისი საბოლოო საინვესტიციო ღირებულება ჯერ დაზუსტებული არ არის.

„პროექტში რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ინვესტიცია იდება... თავად დანადგარები, რომელიც აშშ-დან ჩამოგვაქვს, ძვირადღირებულია და ისინი საკმაოდ სერიოზულ ინვესტიციას მოითხოვს. მხოლოდ საჭრელი ინსტრუმენტები, რომელიც დღეისთვის უკვე გამოგზავნილია, 25 000 ევრო ღირს. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, წარმოების გამართვისთვის 230 000 ევროს სესხის პროცენტის თანადაფინანსება მოხდა“, - უთხრა BM.GE-ის სამეწარმეო დიზაინერმა.

TSIKOLIA-ს საწარმოში თავდაპირველად ექსკლუზიური საათების წარმოება იგეგმება.

„უპირველეს ყოვლისა, მთავარია საქართველოში ხარისხიანი პროდუქციის წარმოება დავიწყოთ და აქედან გამომდინარე შეგვეძლება წარმოების მოცულობებზე საუბარი, თუმცა პროექტის მიხედვით, დღიურად 30-40 ექსკლუზიური საათის წარმოება შეიძლება იყოს. ჩვენ არ ვაპირებთ მასობრივი წარმოების გაკეთებას, ეს ექსკლუზიური საათების საწარმო იქნება.

ამასთან, რთულია იმის თქმა, რამდენი ადამიანი დასაქმდება საქართველოში, რადგან ქვეყანაში კადრების დეფიციტია და კვალიფიციური კადრის მისაღებად სპეციალისტების ჩამოყვანა და კადრების გადამზადება მოგვიწევს. დასაქმებულთა რაოდენობა იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ტექნოლოგიურ პროცესებს გავმართავთ“, - განაცხადა ბრენდის დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები