მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რედიქსი“ აბასთუმანში $60 მილიონის ინვესტიციას დებს - 3 პროექტი

61449d7481d73
ვიქტორია მღებრიშვილი
17.09.21 19:20
2112
12 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბასთუმანში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო, რომელსაც სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფები ახორციელებენ და რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 442 მლნ ლარამდეა

BM.GE-სთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთი კომპანია, რომელიც აბასთუმანში საინვესტიციო პროექტს ახორციელებს, „რედიქს ჯგუფია“; შესაბამისად, პროექტებთან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესებსა და მათი ამოქმედების ვადებზე BM.GE-მ ინვესტორ კომპანიას მიმართა, საიდანაც გვაცნობეს, რომ „რედიქსი“ აბასთუმანში 3 პროექტის განხორციელებისთვის, ჯამში, 60 მლნ დოლარის ინვესტიციას დებს.

ერთ-ერთი მოცულობითი პროექტის, პრემიუმ კლასის 140-ნომრიანი სასტუმრო „აღობილის“ საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ დოლარია და გახსნის შემდეგ ადგილზე 100-მდე ადამიანი დასაქმდება.

„ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სამშენებლო სამუშაოები შედარებით ნელი ტემპით, შეფერხებების ფონზე მიმდინარეობდა, ამიტომაც, ამჟამად კარკასული ნაწილი მორჩენილია და ფასადის მოპირკეთების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

ისტორიული აბანოს კომპლექსის - „სამეფო აბასთუმნის“ საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ დოლარია.

„პროექტი შენობის პირვანდელი სახის აღდგენას, მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და კლასიკურ რესტავრაციას ისახავს მიზნად. განახლებული აბანოს კომპლექსი ცივ და ცხელ გოგირდის აუზებს, თანამედროვე სპა სივრცეს, მცირე მუზეუმის კონცეფციას პირველ სართულზე და 5 სასტუმრო ოთახს მოიცავს.

ამჟამად სახურავისა და ფასადის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, რაზეც 25 ადამიანია დასაქმებული, ხოლო გახსნის შემდგომ 35 ადამიანი დასაქმდება“, - ახასიათებენ აბანოს პროექტს „რედიქსში“.

მესამე პროექტი კი სასტუმრო „ვარძიაა“, რომლის განხორციელებისთვის „რედიქსი“ 15 მლნ დოლარის ინვესტიციას დებს.

„ვარძია“ აბასთუმანში ერთ-ერთი პირველი სასტუმროა. ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობის რეაბილიტაციასა და პირვანდელი ფუნქციის დაბრუნებას კომპანია „რედიქსი“ უდგას სათავეში. საოჯახო ტიპისა და საშუალო სეგმენტის თანამედროვე სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონი დოლარია და 45 ადამიანი დასაქმდება. ამჟამად პროექტის შეთანხმების პროცედურული სამუშაოები მიმდინარეობს“, - აცხადებენ ინვესტორ კომპანიაში.

„რედიქსი ჯგუფში“ აბასთუმანში 2 სასტუმროსა და ისტორიული აბანოს კომპლექსის გახსნის თარიღის დაკონკრეტება უჭირთ და ამბობენ, რომ პროექტები 2024 წლის გაზაფხულზე, კურორტის, პარალელურად ამოქმედდება.

ცნობისთვის: კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია. დეველოპერული კომპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტუმარმასპინძლობის სექტორში რამდენიმე პროექტს წლებია მართავს, მათ შორისაა სასტუმროები: „კაბადონი“ სიღნაღში; „ლე პორტი“ ბათუმში; „სამზეო“ თუშეთში, ასევე „რედ კაფე“ თბილისის ცენტრში და რესტორანი „მარჯანიშვილი 8“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები