„ქობულეთში ვიწყებთ უპრეცენდენტო მასშტაბის, 0.5-მილიარდიანი პროექტის რეალიზაციას, რაც ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა აჭარაში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში“ – ამ სიტყვებით 2019 წლის მარტში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, შავი ზღვისპირეთში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტის „მწვანე ქალაქის“ განხორციელება დააანონსა. პროექტის ავტორი და შემსრულებელი კომპანია „გრინ რეზორტი“ იყო, რომელიც „მწვანე ქალაქს“ ევროპული, კონკრეტულად კი ჩეხური და სლოვაკური ინვესტიციით ააშენებდა. მამუკა ბახტაძის მიერ „შავი ზღვის მარგალიტად“ წოდებული პროექტის დაანონსებიდან მალევე, იმავე წლის ნოემბერში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ "მწვანე ქალაქის" მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. 2020 წლის თებერვალში კი „გრინ რეზორტმა“ ქობულეთის საინვესტიციო პროექტზე მშენებლობის ნებართვა მოიპოვა. სულ მალე კი პანდემია დაიწყო და ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია არც 2020-2021 წლებში შეცვლილი პრემიერ-მინისტრებისგან და არც რეგიონის ადგილობრივი მთავრობებისგან საზოგადოებას აღარ მიუღია. არადა 2021 წელს აქტიური საარჩევნო კამპანიის პირობებში მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონების მონახულებისას, არაერთი ტურისტული პროექტი დააანონსა.
რა ეტაპზეა პროექტი და როდის დაიწყებს კომპანია Green Resort ინვესტირებას - ამ კითხვებზე პასუხის მიღება BM.GE-მ ინვესტორი კომპანია „გრინ რეზორტისგან“ სცადა და როგორც გაირკვა, პროექტის განხორციელება პანდემიამ არამხოლოდ შეაფერხა, არამედ რისკის ქვეშაც დააყენა. კომპანია Green Resort-ის იურისტი დავით ჩიტაია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ნებართვის აღების შემდეგ დაწყებულმა პანდემიამ მნიშვნელოვნად დაარტყა ტურიზმის სექტორს, რამაც პროცესები ჯერ შეაფერხა, შემდეგ კი გლობალურად განვითარებულმა მოვლენებმა, ტურიზმში არსებულმა კრიზისმა კომპანია პროექტის შეცვლის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
„მას შემდეგ რაც ჩვენ გეგმა და მშენებლობის ნებართვები მივიღეთ პანდემია დაიწყო, რამაც თავიდან ბოლომდე შეცვალა რეალობა რასაც ვაკეთებდით და რაც დღევანდელი პირობებისთვის მისაღები იქნებოდა. დღეს ჩვენ ვმუშაობთ პროექტის კონცეფციის შეცვლაზე, რომელსაც არსებულ მდგომარეობას ვუსადაგებთ. შედეგად პროექტი ახალი მიმართულებით განვითარდება“, - განმარტა დავით ჩიტაიამ.
კითხვაზე - რა აღმოჩნდა კომპანიისთვის პროექტის არსებული კონცეფციით განხორციელებისას ყველაზე მიუღებელი ფაქტორი, კომპანიის იურისტი პასუხობს:
„ყველაზე პრობლემატური უცხოელი ტურისტების ნაკადი იყო, რადგან დაგეგმილი პროექტის განხორციელება უცხოელი მესაკუთრეების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა, ამასთან ტურიზმის აღდგენა მსოფლიოში 2025 წლისთვის არის ნავარაუდევი. ამას ვერ დაველოდებოდით და ამიტომ გადავწყვიტეთ პროექტის შეცვლა.
„მწვანე ქალაქის“ პირველადი ვერსიით ტერიტორიაზე მხოლოდ ტოპ-კლასის შენობები უნდა აშენებულიყო, ახალი პროექტით კი ეს ნაწილი სეგმენტებად გაიყო. დღეისთვის ის როგორც მაღალი ასევე ძალიან მაღალი კლასის სეგმენტს მოიცავს; ძალაში დარჩა მაღალი კლასის სასტუმროს არსებობა, სხვაგვარად განვითარდება პროექტის ურბანული ნაწილი; ძალაში დარჩა გოლფ-კლუბის ინფრასტრუქტურის მოწყობის კონცეფციაც“, - განაცხადა დავით ჩიტაიამ.
Green Resort-ის ახალი პროექტირების გეგმის დასრულებას მიმდინარე წელს, ხოლო მშენებლობის დაწყებას, უკიდურეს შემთხვევაში, 2023 წლის პირველ კვარტალში გეგმავს. კომპანიის იურისტი განმარტავს, რომ მათ ინტერესებში პროექტირების დროულად დასრულება და 2022 წლის ბოლოსთვის სამშენებლო სამუშაოებზე გადასვლაა.
„რაც შეეხება პროექტის განხორციელების ვადებს მშენებლობის დაწყებიდან მისი დასრულება 9-10 წლის განმავლობაში მოხდება. „მწვანე ქალაქი“ საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, შესაბამისად, მისი შესრულება ეტაპობრივად მოხდება. თავდაპირველად სრულფასოვნად დასრულდება პირველი ეტაპი, თავისი ინფრასტრუქტურით, შემდეგ დაიწყება მეორე და ა.შ. პირველი ეტაპი 250-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას მოიცავს, რაც ბევრად სწრაფად შეიძლება განვითარდეს. იმედი გვაქვს, რომ პროექტის ძირითადი ნაწილი 10 წელიწადში დასრულდება“, - განმარტა კომპანიის იურისტმა.
მისივე ინფორმაციით, Green Resort-მა სასტუმროს მართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სასტუმროების საერთაშორისო მმათველ კომაპნიებთან უკვე დაიწყო, თუმცა ეს ჯერ კიდევ მოლაპარკებების ეტაპზეა.
Green Resort-ის იურისტი განმარტავს, რომ პროექტის ახალი მოდელი მის საინვესტიციო ღირებულებას შეცვლის, თუმცა აღნიშნავს, რომ „მწვანე ქალაქში“ 0.5 მლრდ ლარზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდება.
„ინვესტიცია ამ ეტაპზე ზუსტად არ არის დათვლილი, თუმცა სახელმწიფოსთან მიმართებით აღებული 0.5-მილიარდ ლარიანი ვალდებულების ნაწილი არ შეცვლილა. აქვე აღვნიშნავ, ეს მინიმალური ინვესტიცია, რომელიც მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე შეიძლება დაიხარჯოს. პროექტის საბოლოო ღირებულება რაც გვქონდა განსაზღვრული, მოდელის ცვლილების შემდეგ შემცირდება, მაგრამ რამდენით ამის დათვლა ჯერ არ დაგვისრულებია.
პროექტის ახალ მოდელზე მუშაობა მას შემდეგ დავიწყეთ, რაც პანდემიის ეკონომიკური შედეგები ნათელი გახდა, ანუ 2021 წელს და მივხვდით რომ მანამდე არსებული კონცეფციით პროექტი ვერ განვითარდებოდა. პროექტის კონკრეტულ დეტალებზე - ინვესტიციებზე, დასაქმებულებზე, ვადებზე და ა.შ. საუბარი ახალი მოდელის შემუშავების დასრულების შემდეგ შეგვეძლება“, - უთხრა BM.GE -ის „გრინ რეზორტის“ იურისტმა.
შეგახსენებთ, რომ „მწვანე ქალაქის“ ძველ პროექტით გათვალისწინებული იყო გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, რეკრეაციული ზონების მოწყობა. ასევე, 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმროს და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი აშენება. პროექტი ასევე სავაჭრო ცენტრს, 500 ავტომობილისთვის პარკირებას და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილის მოწყობასაც მოიცავდა. პროექტში შესული დეტალებით BM.GE ახალი მოდელის დასრულების შემდეგაც დაინტერესდება და ამ ინფორმაცის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის: კომპანია Green Resort 2018 წელს დაფუძნდა. 25-25%-იანი წილებით მას ჩეხეთის 3 მოქალაქე და სლოვაკეთის მოქალაქე ლევან შერაზადიშვილი მართავენ, რომელიც კომპანიის დირექტორის პოზიციასაც იკავებს.