მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Block Energy-მ წლის პირველ კვარტალში საქართველოში 46.1 ათასი ბარელი ნავთობი მოიპოვა

624ff07510fc4
BM.GE
08.04.22 19:00
12430
Block Energy-მ, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა/მოპოვებას ახორციელებს, ინვესტორებს წარმატებული კვარტალური შედეგები წარუდგინა.

კომპანიის ცნობით, 2022 წლის პირველ კვარტალში ჯამურმა მოპოვებამ 46.1 ათასი ბარელი შეადგინა, რაც დღეში საშუალოდ, 512 ბარელს უდრის. იანვარ-მარტის შემოსავალი კი, 2.361 მლნ დოლარი იყო, წინა წლის მეოთხე კვარტალში მიღებული 2.550 მლნ დოლარის შემდეგ.

ინვესტორებისთვის წარდგენილი ანგარიშით ირკვევა, რომ I კვარტალში 24.4 ათასი ბარელი ნავთობის (Mbbls) და 48.4 მილიონი კუბ. ფუტის (MMcf) გაზის რეალიზაცია მოხდა. ნავთობის ფასმა 1 ბარელზე დაახლოებით 89 დოლარი შეადგინა.

იანვრის შუა რიცხვებიდან Block Energy-მ XIB სალიცენზიო ბლოკში JKT-01Z ჭაბურღილიდან დაიწყო მოპოვება. ამ ჭაბურღილზე კომპანია დიდ იმედებს ამყარებს და კიდევ ორი ჭაბურღილის გაბურღვისთვის ემზადება.

როგორც გასულ წელს გახდა ცნობილი „ბლოკ ენერჯი“ გეგმავს გაზის მოსაპოვებლად ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების ჩატარებას. ამ დროისათვის მის მფლობელობაში არსებულ სალიცენზიო ბლოკში ვარაუდობენ, რომ 16 მლრდ კუბ. მეტრი გაზის მოპოვებაა შესაძლებელი, რაც საქართველოს 8 წლის მოხმარებას უდრის.

Block Energy 5 სალიცენზიო ბლოკზე მუშაობს: ნორიო, საცხენისი, დასავლეთ რუსთავი, IX და XIB. კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები