მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბოლტ ფუდის“ კურიერები გაიფიცნენ - მოთხოვნები

605206a096175
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.21 17:40
7171
მიტანის მომსახურების კომპანია „ბოლტ ფუდის“ 50-მდე კურიერი გაიფიცა. საპროტესტო აქცია კურიერებმა დღეს კოსტავას ქუჩიდან დაიწყეს და მსვლელობით კომპანიის სათავო ოფისთან, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას გაფიცული კურიერი ზაქარია მეტრეველი განმარტავს, გაფიცვის მიზეზი კომპანიის მიერ დაწეული ტარიფები და შეკვეთების აღების გაუმართავი სისტემაა.

„ბაზარზე კომპანიის გამოჩენის დროს თითო შეკვეთიდან 7 ლარს გვიხდიდნენ, ეტაპობრივად ეს თანხა მცირდებოდა და გუშინ მოგვწერეს, რომ დღეიდან ჩვენი ანაზღაურება თითო შეკვეთიდან 4 ლარი იქნებოდა. ტარიფის შემცირების მიზეზი საწვავის გაძვირება და კურიერთა გაზრდილი რაოდენობაა. რეალურად იმდენი შეკვეთები არ არის, რამდენიც კურიერია. დღეისთვის „ბოლტ ფუდის“ მომსახურებას დაახლოებით 450-მდე კურიერი ახორციელებს, რაც მოთხოვნას აღემატება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პროტესტისა და გაფიცვის კიდევ ერთი მიზეზი სისტემის გაუმართაობაა, რადგან რიგ შემთხვევაში შეკვეთების აღებისას სისტემა გვბლოკავს, რის გამოც დღეში მაქსიმუმ 15 შეკვეთის აღებას ვახერხებთ. შესაბამისად, ნორმალურ ანაზღაურებას ვერ ვიღებთ“, - ამბობს „ბოლტ ფუდის“ კურიერი.

ტარიფის მომატება, კურიერების მიღების შეჩერება, საკომისიო სისტემის გადახედვა და აპლიკაციის სისტემის მოწესრიგება - ამ მოთხოვნებით კურიერებმა კომპანიის ხელმძღვანელობას დღეს მიმართეს.

ზაქარია მეტრეველი ამბობს, რომ ამ წუთებში კომპანიასა და კურიერების საინიციატივო ჯგუფს შორის შეხვედრა მიმდინარეობს და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, კურიერები დღევანდელ გაფიცვასთან შედარებით უფრო მასშტაბური აქციის მოწყობას გეგმავენ.

BM.GE აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ბოლტ ფუდის“ ხელმძღვანელობასაც მიმართავს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები