მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BTU-მ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტი მოამზადა... იმედია იგი სამთავრობო დონეზეც განიხილება - ირაკლი ბერიძე

64b58b9fd9a8f
ალა ისპირიანი
17.07.23 22:35
523
გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერიძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ხელოვნური ინტელექტის განვითარების მნიშვნელობაზე და პოტენციალზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტი მოამზადა, სადაც განხილულია ამ მიმართულებით საქართველოს რა პოტენციალი გააჩნია. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს დოკუმენტი სამთავრობო დონეზე იქნება განხილული.

„BTU-მ მოამზადა სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის მომზადებაშიც მეც ვიყავი ჩართული და რეკომენდაციები გავუწიე. კონფერენციაც გაიმართა, სადაც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები იყვნენ. ამ სტრატეგიულ დოკუმენტში კარგად არის განხილული საქართველოს რა პოტენციალი გააჩნია და რა პოტენციალი შეიძლება გააჩნდეს იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიაც არსებობდეს და მისი გამოყენება ხდებოდეს სწორი მიმართულებით, თუნდაც ადამიანის უფლებების არ დარღვევის კუთხით. იმედი მაქვს ეს დოკუმენტი სამთავრობო დონეზეც განიხილება და მიღებული იქნება, როგორც სტრატეგიული დოკუმენტი“, - განაცხადა მან.

მან ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 60-ზე მეტ ქვეყანას უკვე თავისი ციფრული სტრატეგიები გააჩნია.

„ეს სტრატეგიები ჩემი აზრით ძალიან დაეხმარება ქვეყნებს, რომ გაუმკლავდნენ რისკებს და რისკებთან ერთად ის ხელოვნური ინტელექტის ის პოტენციალი გამოიყენონ, რომელიც ქვეყანას დაეხმარება განვითარებაში.

სხვადასხვა ქვეყნებში ამის მაღალ დონებზე განხილვა მიდის. მაგალითად ევროპაში ევროკომისია ამ წლის ბოლოს პირველ რეგულაციას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის დარგში, რომელიც რისკებზე დაფუძნებული რეგულაცია იქნება და რაღაც სახის ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების გამოყენებას აკრძალავს ევროპაში, მაგრამ ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. განხილვები ხდება გაეროშიც“, -თქვა მან.

რაც შეეხება ამ მიმართულებით გამოწვევებს, მისი მოსაზრებით, ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ვითარდება და ამას რომ რეგულაციის და მართვის კუთხით ფეხი აუბა მარტივი არ არის. 

„ამის აყოლა მითუმეტეს გლობალურ დონეზე, რთულია, რადგან სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები, სწრაფად უნდა ჩაატარო კვლევები და სწრაფად უნდა განსაზღვრო რა რისკებთან გვაქვს საქმე და ეს პრობლემას ქმნის. არის ქვეყნები, რომლებიც განათლების სექტორის გადაწყობას თავისი რესურსის დიდ ნაწილს ახმარენ, იმ კუთხით, რომ ადამიანების მუდმივი ამაღლება ხდებოდეს ტექნოლოგიური მიმართულებების და უნარ-ჩვევებისა, რომ ადამიანები ყველანაირად მზად იყვნენ გამოწვევებისთვის, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის. განათლების სექტორი იქნება ძირითადი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნულ სტრატეგიებში“, - თქვა გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები