მთავრობის გადაწყვეტილებით, ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობაზე 12 თვის ვადით მორატორიუმია გამოცხადებული, ვიდრე გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება არ მოხდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტის მედიაციაში ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოც ჩაერთო და მთავრობა საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებს. “დანარჩენი კი ინვესტორის პასუხისმგებლობაა”.
“ჩვენი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილია. ფაქტობრივად, მორატორიუმი არის კაშხლის მშენებლობაზე 12 თვის ვადით გამოცხადებული. გაგრძელდება კვლევები. ასევე თქვენ იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე ჩაერთო პირადად ჩვენი თხოვნით და საქართველოს მთავრობის მოწვევით ამ მედიაციის პროცესში. მედიაცია იქნება მთავრობასა და არასამთავრობო სექტორს შორის. მედიაცია შეეხება იმ საკითხებს, თუ რამდენად სწორად იყო პროცესი წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასების მხრივ. ასევე ახლა როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები, რაც პროექტის მიმართ ნდობას გააჩენს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კანონმდებლობის ფარგლებში ვმოქმედებთ. დანარჩენი თავად ინვესტორის პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მარტის ბოლოს ENKA-მ “ნამახვანჰესის კასკადის” პროექტის ახალი მენეჯერი წარადგინა. პროექტს მერაბ ლომინაძე ხელმძღვანელობს. გადაცემა “Forbes-ის კვირასთან” საუბარში მერაბ ლომინაძემ განაცხადა, რომ კომპანია ჰესისთვის წინამოსამზადებელ სამუშაოებს აგრძელებს, კაშხლის მშენებლობის სამუშაოები კი ხელახალი სამეცნიერო დასკვნების მიღების შემდეგ განახლდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ წინამოსამზადებელ სამუშაოებს, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა უნდა მომზადდეს, რომ აიგოს ძირითადი ნაგებობები: იგივე კაშხალი, რომლის მშენებლობა გადაიდო. ახლა ვასრულებთ მხოლოდ წინამოსამზადებელ სამუშაოებს, თუმცა ესეც კი აფერხებს იმ საინვესტიციო საქმიანობას, რომელსაც ჩვენი კომპანია ეწევა ანუ ამას იქით ვერ მივდივართ.
ჩვენ გეგმებს გადავხედეთ და ძირითადი სამუშაოები გადავწიეთ. ეს ის პერიოდია, რაც საკმარისი იქნება ერთი მხრივ ვალიდაციის დასასრულებლად და მეორე მხრივ ამის საფუძველზე იმ კონსენსუსის მისაღწევად, რომელიც გარდაუვალია. საუბარია იმაზე, რომ ექსპერტთა კონსიულიუმი შეიკრიბოს და მათი მსჯელობის საფუძველზე გახდეს ცვლილებები საჯარო ჩვენთვის გასათვალისწინებლად, ჩვენ ამ მზაობას ვაცხადებთ დღესაც და ხვალაც მზად ვიქნებით. დიალოგი არის ის პროცესი, სადაც ორი მხარე უნდა იყოს ჩართული.
იმედია, მეორე მხარე გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს და საგნობრივი დისკუსია დაიწყება. მე არ მომისმენია არც ერთი კონკრეტული რეკომენდაცია, მოსაზრება ამა თუ იმ დასკვნასთან დაკავშირებით, თუნდაც ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომ ვთქვათ, ესა თუ ის პუნქტი აჯობებს სხვაგვარად, მე ამას ვერ ვხედავ. იმპულსური ერი ვართ და გვიხარია ხოლმე სადღეგრძელოების მოსმენა, ეპითეტების მოსმენა, ამის ანგაჟირება... ამით ჩვენ მხოლოდ საქმეს ვაზიანებთ“, - აცხადებს ლომინაძე Forbes-კვირასთან ინტერვიუში.