მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KOTON, LC Waikiki, EuroBrand - რა შედეგებით დაასრულეს ტანსაცმლის მაღაზიებმა 2022 წელი?

63fb1c197f32c
მარიამ იზორია
26.02.23 16:28
1959
"თიბისი კაპიტალმა" ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა გამოაქვეყნა. 1-7 თებერვლის პერიოდში, უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, თიბისი ბანკის არხებით, გაუმჯობესდა და ზრდის ტემპმა 41% შეადგინა, ხოლო ტრანზაქციის საშუალო ღირებულება შემცირდა და 91 ლარს შეადგენს. თებერვლის დასაწყისისთვის სხვა საცალო მაღაზიებში უნაღდო დანახარჯების მოცულობა, თიბისი ბანკის არხებით, გაიზარდა და წლიურმა ზრდამ 21% შეადგინა.

"თიბისი კაპიტალის" განახლებული მიმოხილვა დროის მცირე პერიოდს მოიცავდა. BM.GE-მ ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი ტანსაცმლის ბრენდებს მიმართა და გასული - 2022 წლის ტენდენციების შეფასება სთხოვა.

ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელის „კოტონის“ რეგიონალური მენეჯერი სალომე ისიანი თქმით, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით გაყიდვებში განსაკუთრებული ზრდა არ ჰქონიათ. bm.ge-სთან ის აღნიშნავს, რომ გასულ წელს გაყიდვების მხრივ ტურისტებისა და მიგრანტების ხარჯზე ბათუმის ფილიალი გამოირჩეოდა, სადაც გაყიდვები დაახლოებით 17%-ით გაიზარდა.

სალომე ისიანი იმასაც აღნიშნავს, რომ თუ 2021 წელს ძირითადი მომხმარებელი არაბული ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები იყვნენ, 2022 წელს მდგომარეობა შეიცვალა და რუსი და უკრაინელი მომხმარებლები ჭარბობდნენ.

“2022 წელი შევაჯამეთ, 2021 წელთან შედარებით ზრდა არ ყოფილა. იყო იგივე გაყიდვები, რაც 2021 წელს. შემიძლია გამოვარჩიო ბათუმის ფილიალი. ბათუმში მოთხოვნა უფრო მეტად ტურისტების მხრიდან ფიქსირდებოდა და გაყიდვები გასულ წელს 15-17%-ით გაიზარდა.

მომხმარებელს შორის ქართველებთან ერთად ტურისტებიც იყვნენ და თუ ადრე უფრო არაბეთის ქვეყნების მოქალაქეები ყიდულობდნენ, 2022 წელს რუსები და უკრაინელები ჭარბობდნენ“, - ამბობს კომპანიის რეგიონალური მენეჯერი.

კომპანიის წარმომადგენელი თითოეულ მომხმარებელზე საშუალო დანახარჯის ზრდაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გასულ წელს თუ მყიდველი საშუალოდ 27 ლარს ხარჯავდა, 2022 წელს ეს თანხა 35 ლარამდე გაიზარდა, რაც პროდუქციაზე ფასების მატებით არის განპირობებული და მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის ზრდასთან დაკავშირებული არ არის.

კომპანია LC Waikiki-ში მომხმარებლის საშუალო დანახარჯი 2022 წელს გასულ წელთან შედარებით 15%-მდე გაიზარდა. როგორც კომპანიის ფილიალის პირველი მენეჯერი bm.ge-სთან აღნიშნავს, გაყიდვებზე გავლენა ტურისტულმა ნაკადმა მოახდინა. მისივე განმარტებით, უცხოელ მომხმარებელს შორის უკრაინელები და რუსები ჭარბობდნენ.

„2022 წელი წინა წელთან შედარებით უფრო აქტიური იყო. გაზრდილი აქტივობა კოვიდ რეგულაციების არქონამ განაპირობა. მომხმარებლის საშუალო დანახარჯი 10-15%-ით არის გაზრდილი, რაზეც გავლენა ტურისტულმა ეფექტმა მოახდინა. ბევრი უკრაინელი და რუსი მომხმარებელი გვყავს, შესაბამისად, მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა. რაც შეეხება ჩვენს ძირითად, ქართველ მომხმარებელს თანაბრად მივყვებით, მატება გვაქვს მათთან, მაგრამ არა გრანდიოზული“, - ამბობს თეონა მამრიკიშვილი.

გაყიდვების ზრდაზე საუბრობენ „ევრობრენდშიც“. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი დუდუ ბროძელი ამბობს, 2022 წელი გაყიდვები 30%-ით გაიზარდა.

„გასულ პანდემიურ წლებთან შედარებით, მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა გაზრდილია. 2022 წელი 30%-იანი მატებით დავასრულეთ. ჩეკის მოცულობა გასულ წლებთან შედარებით 35-40%- ით არის გაზრდილი. საკმაოდ კარგ პროგნოზს ვაკეთებთ 2023 წელსაც. ვფიქრობ, მიმდინარე წელს გაყიდვები 20-30%-ით გაიზარდება“ - აღნიშნავს დუდუ ბროძელი.

ინფორმაციისთვის: აღნიშნული კომპანიები ფინანსურ ანგარიშგებებსაც აქვეყნებენ. 2021 წელს „ევრობრენდის“ შემოსავალმა 16 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება LC Waikiki-ს, კომპანიას ბოლოს 2020 წლის შედეგები აქვს გამოქვეყნებული. 2020 წელს კომპანიამ 102 მილიონ ლარს შეადგენდა.

"კოტონს" ბოლო ფინანსური ანგარიშგება 2021 წელს აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც, კომპანიის შემოსვალი 2021-ში 32 მლნ 700 ათასი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები