მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეღვინეობა მელიტონი“ გაზაფხულიდან რაჭაში გასტრონომიულ სივრცეს გახსნის

63d242e6c5bfd
თინათინ ნატმელაძე
27.01.23 21:09
942
„მეღვინეობა მელიტონი“, რომელიც რაჭაში გასულ წელს ამოქმედდა, გაზაფხულიდან გასტრონომიულ სივრცეს გახსნის.

„მეღვინეობა მელიტონი“ ამბროლაურისა და სოფელი კვაცხუთის გზაგასაყარზე მდებარეობს და მისმა დამფუძნებელმა, მეღვინე გიორგი სხირტლაძემ BM.GE-თან თქვა, რომ გასტრონომიული სივრცე პირველ ეტაპზე გარეთ მოეწყობა და ძირითადად ღვინის დაფებს და ერთგვარ აპეტაიზერებს მოამზადებს.

„მარანი სოფლის განვითარების სააგენტოს, შეღავათიანი აგროკრედიტისა და პირადი ფინანსების დახმარებით, 1.8 მილიონი ლარის ინვესტირებით, ერთი წლის წინ ავამოქმედეთ. ქარხანას 100 ტონა ღვინის წარმოების შესაძლებლობა აქვს, თუმცა, რადგან ეს პირველი წელი იყო 50 ტონა გადავამუშავეთ. მარანი თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი და ღვინოსაც ახალი ტექნოლოგებით ამზადებს. ძირითადად დასავლეთის ჯიშებზე ვართ ორიენტირებული, ყურძენს რაჭის გარდა აჭარიდან, გურიიდან და ა.შ. ვიძიებთ. რაჭაში ჩვენი ვენახიც გვაქვს, რომელიც ჩემი წინაპრების საკუთრება იყო, 2-3 ჰექტრის ფართობისაა და ალექსანდროულის ჯიშის ყურძენია გაშენებული.

თანამედროვე ღვინის პოპულარიზაციის და ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის წარდგენის მიზნით გაზაფხულიდან გასტრონომიულ სივრცეს ვამატებთ, რომელსაც პირველ ეტაპზე სტანდარტიზებული მენიუ ექნება, ძირითადად ისეთი კერძები, რომელიც ღვინისათვის არის შესაფერისი, ამ შემთხვევაში პროფესიონალი მზარეული არ გვჭირდება, ამიტომ რამდენიმე ადგილობრივ ახალგაზრდას დავასაქმებთ, რომლებიც უკვე მოძიებული გვყავს. სამომავლოდ უკვე პროფესიონალური სამზარეულოს ამოქმედებაც იგეგმება, რომლისთვისაც კადრების მობილობა დაგვჭირდება, რადგან რაჭაში ადგილობრივი კადრების მოძიება საკმაოდ დიდი პრობლემაა,“ - განაცხადა გიორგი სხირტლაძემ.

რაც შეეხება „მელიტონის“ პროდუქტის რეალიზებას, მეღვინე ამბობს,რომ პროდუქცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მალე გამოჩნდება.

„მელიტონის“ გარდა კახეთში გვაქვს ქარხანა - „მეღვინეობა რტონი“, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და პროდუქტის რეალიზებას როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ახდენს, შესაბამისად, უკვე დამყარებული კონტაქტებითა და პარტნიორობით „მელიტონის“ ღვინოც ამ ბაზრებზე შევა. ადგილობრივ ბაზარზე 30-მდე ობიექტში ვართ წარმოდგენილი, „8 000 მოსავალში“, „ღვინის ბიბლიოთეკაში“, სხვადასხვა ნიშურ რესტორნებში და ა.შ. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს სინგაპურში, ჩეხეთში, ამერიკაში, ინგლისსა და ყაზახეთში „მელიტონის“ ღვინოც სულ მალე გაიგზავნება,“ - განმარტავს გიორგი სხირტლაძე.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ „მელიტონის მეღვინეობის“ მიერ წარმოებული ღვინის საფასური 30-150 ლარს შორის მერყეობს და როგორც მისი დამფუძნებელი აღნიშნავს, პროდუქტის ხარისხიდან გამომდინარე სარეალიზაციო ობიექტებსაც ძალიან დიდი სიფრთხილით არჩევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები