მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ OMV-ის მიერ შავი ზღვის შელფზე ნავთობის მოპოვების პირობები დაამტკიცა

60376c108cf56
შოთა ტყეშელაშვილი
25.02.21 13:19
1732
საქართველოს მთავრობამ შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვების ლიცენზია ნავთობკომპანია OMV Petrom-ს მიანიჭა, რომელიც ავსტრიული ენერგოკომპანია OMV ჯგუფის წევრია. დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ნავთობის მოპოვებისა და განაწილების ხელშეკრულება, რომლითაც მომავალში ინვესტორსა და მთავრობას შორის ურთიერთობა უნდა განისაზღვროს.

“მთავრობამ მოიწონა პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, რომელიც დაიდება ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მომპოვებელ კომპანია OMV Petrom-ს შორის. ძალან მნიშვნელოვანი ფაქტი შედგა, რომ ასეთმა მსხვილმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი მიეღო მონაწილეობა ტენდერში და მან გაიმარჯვა მასში 2020 წლის ზაფხულში. პანდემიის პერიოდში ეს საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. თავად OMV Petrom-ი საკმაოდ ცნობილია თავისი საქმიანობით შავ ზღვაში, 2012 წელს რუმინეთის მსხვილი საბადო დომინო 1 მათ აღმოაჩინეს, დიდი იმედი გვაქვს რომ ასეთივე წარმატებით წარიმართება მათი საქმიანობა საქართველოშიც. ნავთობის მოპოვება ჩვენთვის პერსპექტიული დარგია,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

26 ივნისს, OMV Petrom-მა საქართველოში მათ გეგმებთან დაკავშირებით BMG-ის წერილობით უპასუხა. კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოს სანაპიროსთან ენერგორესურსების ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყება შავ ზღვაში მათი ოპერაციების გაფართოების სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს.

“OMV Petrom ადასტურებს, რომ შავ ზღვაში საქმიანობის გაფართოების მიზნით, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ღია საერთაშორისო ტენდერში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, შავ ზღვაში მდებარე სალიცენზიო ბლოკების ძებნა-ძიებისა და მოპოვებისთვის გამოცხადდა. OMV Petrom-ი თვალს ადევნებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას და ამჟამად კომპანია მოელის ოფიციალურ დადასტურებას აუქციონის პროცესის წარმატებით დასრულების შესახებ,”- ნათქვამია OMV Petrom-ის მიერ BMG-ისთვის გაგზავნილ წერილში.

საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოში მიიჩნევენ, რომ შავი ზღვის სალიცენზიო ბლოკი არსებული მონაცემებით, ნავთობზე მეტად, ბუნებრივი აირის მარაგებით უფრო მიმზიდველია.

OMV Petrom-ის შესახებ:

OMV Petrom-ი რუმინეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. კომპანია ფლობს 860 მეგავატიანი სიმძლავრის ელექტროსადგურს და ფარავს რუმინეთის ენერგომოხმარების დაახლოებით 10%-ს. ის ავსტრიული ნავთობკომპანია OMV ჯგუფის წევრია.

Forbes-ის 2019 წლის მონაცემებით OMV Group-ი არის ავსტრიის მეორე უმსხვილესი, ხოლო ევროპის მასშტაბით N79-ე უდიდესი კომპანია.

OMV ნავთობის ძებნა ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, ცენტრალურ და აღმოსვლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩრდილოეთ ზღვაზე და ახლო აღმოსავლეთში. OMV ნავთობგადამამუშავებელი საქმიანობას ძირითადად აწარმოებს ავსტრიაში გერმანიში და რუმინეთში. გადამუშავებული პროდუქციის მოცულობამ 2019 წელს 24,9 მლნ ტონა შეადგინა. OMV ასევე ფლობს 2100-ზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს ევროპის 10 ქვეყანაში.

II  სალიცენზიო ბლოკის ფართობი 5,282 კვადრატული კილომეტრია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები