როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, “იცხოვრე ყაზბეგში“ სატესტო პროექტია, რის შემდეგაც ინვესტიცია უფრო მოცულობით იქნება.
"ეს არის პირველი კეთილმოწყობილი დასახლება ყაზბეგში, სატესტო პროექტის სახით. ჯერ ვაშენებთ მხოლოდ 5 სახლს, რომლის საერთო ფართია 3200 მ². ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 700 000- 900 000 ლარს შეადგენს. სახლები სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე არ გაიყიდება", - განმარტავს ალექსი ღუდუშაური.
მცირე პროექტის დასრულება მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი, რის შემდეგაც კომპანია სნოს ხეობაში უფრო მოცულობითი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს:
„ვაპირებთ მინიმუმ 30-40 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელოთ ამ მხარეში ტურიზმის მიმართულებით, ყველაფერი საინვესტიციო გარემოზეა დამოკიდებული, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა შესაძლოა ეს თანხა 120 მილიონამდეც გავზარდოთ“.

ამ დროისთვის მშენებლობის პროცესი ყაზბეგის ცენტრიდან 3-4 კმ-ში მდებარე სოფელ აჩხოტში (სნოს ხეობა) მიმდინარეობს. “იცხოვრე ყაზბეგში“ 52 სამშენებლო პროექტს აერთიანებს, რომლის საერთო ფართობი 13 500 მ2-ს მოიცავს. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ყაზბეგში, გუდაურსა და თბილისის ტერიტორიებზეა გათვალისწინებული.
ცნობისთვის, კომპანიის წარმომადგენელი ალექსი ღუდუშაური კიდევ ერთი კომპანიის დირექტორია, სახელწოდებით „ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ჯგუფი ეკოაჩხოტი“. შპს-ს მმართველობით ორგანოს სულ 5 წევრი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა.
