მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აპროტესტებენ აფხაზეთში „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების" შესახებ კანონპროექტს?

64bcf62c98801
სალომე ხიდურელი
23.07.23 15:29
762
ოკუპირებულ აფხაზეთში განიხილავენ „აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ ახალი კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს „აპარტ-სასტუმროებში“ ბინების შეძენა აღარ აეკრძალებათ. საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი დე ფაქტო პრეზიდენტი ასლაბ ბჟანიაა.

როგორც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარი ანა გახოკიძე „ანალიტიკაში“ განმარტავს, აღნიშნულ კანონმდებლობაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე აფხაზეთის ვერცერთმა ხელისუფლებამ მისი ბოლომდე მიყვანა ვერ გაბედა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობისგან დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდა.

„ადგილობრივი ოპოზიცია აპროტესტებს, მოქალაქეები აქციებზე დადიან, დე ფაქტო პარლამენტის შენობაზე აშუქებენ ბანერებს, რომ ეს კანონი მიუღებელია და აფხაზი ერის წინააღმდეგ არის მიმართული. ისინი ფიქრობენ, რომ აფხაზეთში არსებული უძრავი ქონება უცხოეთის არცერთ მოქალაქეზე არ უნდა გასხვისდეს“, - ამბობს გახოკიძე.

DRI-ს მკვლევარის თქმითვე, აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ პასუხობს რუსეთის მოთხოვნას, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს სერგეი ლავროვმა გააჟღერა, როდესაც რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში ინვესტირების საშუალების არ ქონაზე საუბრობდა.

„ჩვენთვის და ცივილური სამყაროსთვის ცნობილია რუსეთის ე.წ. რბილი ძალის სტრატეგია და ამით გავლენების გაძლიერება და შემდგომ ფაქტობრივი ანექსიის დაკანონება.

რუსეთი ცდილობს, რომ აღნიშნული კანონით შეძლოს სტრატეგიული ობიექტების შეძენა, ინვესტიციების ჩადება, კაპიტალის მოძლიერება და გრძელვადიან პერსპექტივაში არის საფრთხე, რომ ეს ანექსიისკენ მიემართება, რაც დაუშვებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთს შორის კონფლიქტი მოუგვარებელია“, -ამბობს მკვლევარი.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთში ჩასვლისა და ქონების შეძენის რესურსი მხოლოდ რუსებს და რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს აქვთ, აღნიშნული კანონი კარს მხოლოდ მათ უხსნით და არა  საქართველოს მოქალაქეებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები