მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ tkt.ge-ის კინოს ბილეთების რეალიზაციის ექსკლუზიური უფლება დროებით შეუზღუდა

კინოთეატრი

საქართველოში კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარს უკვე რამდენიმე თვეა კონკურენციის სააგენტო სწავლობს. აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში, წარდგენილი შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კონკურენციის სააგენტო აქვეყნებს. ინფორმაციის მიხედვით, შპს “ონლაინ თიქეთსს” (tkt.ge) და კინოთეატრების ქსელ “კავეასთან” დაკავშირებულ კომპანია შპს “სადისტრიბუციოო კომპანიას” შორის გაფორმებული ექსკლუზიური შეთანხმების მოქმედება დროებით შეიზღუდა.

საქმე კომპანია “ბილეთები ჯის” მიმართვას უკავშირდება, რომლის საფუძველზეც კონკურენციის სააგენტომ ბაზრის მოკვლევა დაიწყო. როგორც ირკვევა, კინოთეატრების ქსელ “კავეასა” და tkt.ge-ის შორის გაფორმებულია ექსკლუზიური შეთანხმება, რომლის შედეგადაც ამ ქსელის კინოთეატრების ბილეთები სწორედ tkt.ge-ის მეშვეობით იყიდება, რაც კომპანია “ბილეთები ჯის” შეფასებით ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველ ქმედებას წარმოადგენს.

“სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულებამდე, სასამართლოს ბრძანებით შეჩერდა - შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“  და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“)  შორის 2022 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი „ექსკლუზივის“ პირობა.
აღნიშნული პირობის მიხედვით, „სადისტრიბუციო კომპანია“ შპს „თინეთს“, 2 წლის ვადით, ექსკლუზიურად გადასცემდა ქვეყანაში მოქმედი 6 ძირითადი კინოთეატრის ბილეთებს ონლაინ რეალიზაციის მიზნით, და ამავდროულად, იღებდა ვალდებულებას, არ გადაეცა აღნიშნული კინოთეატრის ბილეთები სხვა კომპანიებისათვის, რაც  ამავე საქმიანობით დაკავებული სხვა სუბიექტების  ბაზრიდან განდევნას იწვევდა.

შპს „ელ.ბილეთების“ საჩივრის საფუძველზე. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს მოკვლევა  - შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო დარღვევის ფაქტსა და შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“, შპს „თინეთის“, სს „თიბისი ბანკის“ და TBC Bank Group PLC-ს შესაძლო კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტზე.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისთვის, მოკვლევის 6 საქმეს სწავლობს. 2023 წელს, უწყებამ 2 მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა. ამავე პერიოდში, 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული",- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები