მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შატილში ტურისტების ნაკლებობაა“ - რა არის საჭირო შატილში ტურიზმის გასააქტიურებლად?

62e62e27284c4
ვიქტორია მღებრიშვილი
31.07.22 12:20
1138
შატილში, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნას სულ მალე ადგილზე მოქმედი ჰესი „ბიტეხი 1“-ის მწყობრიდან გამოსვლა და უშუქობა დაერთო, რამაც ადგილობრივი განთავსების ობიექტებში ტურისტების მხრიდან ჯავშნების გაუქმება გამოიწვია. არადა შატილის მკვიდრებს ტურიზმიდან შემოსავლის მიღება მხოლოდ ზაფხულში, მას შემდეგ შეუძლიათ რაც მაღალმთიან მხარეში საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი ხდება.

ჰესი უკვე კვირაზე მეტია, რაც ამოქმედდა და ადგილობრივი განთავსების ობიექტები ტურისტების მიღებას და მასპინძლობას აგრძელებენ.

BM.GE-ი დაინტერესდა - როგორი ტურისტული აქტივობაა წელს შატილში და ეს კითხვა ადგილობრივი კაფე „სანფლაუერის“ დამფუძნებელს გიორგი ჭინჭარაულს დაუსვა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს შატილი ტურისტების ნაკლებობას განიცდის. ამ და სხვა სირთულეები გამო კი მცირე ბიზნესის ხელმძღვანელმა საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა.

„ტურისტი დიდად არ ამოდის. ისევ იგივე გრძელდება, რაც აქამდე იყო. ძალიან ცოტა ხალხია. იმის გამო, რომ ელექტროენერგიის პრობლემები გვქონდა, კაფე „სანფლაუერის“ განახლება ვერ შევძელით და ვფიქრობთ, კაფე სტუმრებს აგვისტოდან მიიღებს. სეზონის დასრულების შემდეგ - შემოდგომაზე საქართველოდან წასვლას ვგეგმავთ. ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო შემოსავალი შეგვიმცირდა, ფასები ყველაფერზე გაიზარდა. ჰესის პრობლემა, პრობლემად რჩება და უამინდობის შემთხვევაში ჰესი კვლავ შეიძლება გაჩერდეს და შუქი აღარ გვქონდეს, მაშინ როდესაც ნახევარი სეზონი ამ პრობლემის წინაშე ვიდექით და ტურისტებიც დიდად არ იყვნენ. დამაიმედებელი მდგომარეობა არ გვაქვს. ვფიქრობ, რომ 2-3 წელი აღარ ჩამოვალთ“, - ამბობს გიორგი ჭინჭარაული.

კითხვაზე - როგორ წამოუდგენია შატილში ტურიზმის გააქტიურება და ვინ უნდა აიღოს ამის პასუხისმგებლობა, ჭინჭარაული ამბობს, რომ შატილის შესახებ საინფორმაციო კამპანიები მნიშნელოვანია.

„გაზაფხულზე გზა უფრო ადრე უნდა გაიხსნას ხოლმე და ამის შესახებ მარკეტინგული კამპანია უნდა გააქტიურდეს. უცხოელ ვიზიტორებს არ აქვთ ინფორმაცია შეძლებენ თუ არა ამოსვლას შატილში. ჩვენ გვირეკავენ და გვეკითხებიან არის თუ არა გზა. რეკლამირების მხრივ სეზონის მოახლოებისთანავე ტურიზმის ადმინისტრაცია უნდა გააქტიურდეს და იმაზე უნდა იზრუნოს, რომ შატილისკენ მომავალი გზის გახსნის შესახებ ინფორმაცია აქტიურად გავრცელდეს.

ამასთან, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს გზის უსაფრთხოებასაც. მნიშვნელოვანია მუდმივი დენით უზრუნველყოფაც, რომ ადგილობრივებმა ტურისტების მიღება და მომსახურება სეზონზე მაინც შეძლონ“, - ამბობს კაფე „სანფლაუერის“ ხელმძღვანელი და შატილის მკვიდრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები