საერთო ჯამში, 2021 წელს, მსოფლიოს მასშტაბით, 1.4 მილიარდი ერთეული სმარტფონი გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით მეტია.
2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, გლობალური ბაზრის 23.4% სამხრეთ კორეულ Samsung-ზე მოდის; მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია - Apple ბაზრის 18%-ს აკონტროლებს; მესამე ადგილზე 12.7%-იანი წილით ჩინური Xiaomi-ა; 8.7%-ით მეოთხეზე - OPPO; ბაზრის 8.1% Vivo-ს უჭირავს, სხვა ბრენდებზე კი გლობალური ბაზრის 29.1% მოდის.
აღსანიშნავია, რომ გლობალური ბაზრის ლიდერის პოზიცია თითქმის ყოველ კვარტალში იცვლება, მაგალითად, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში პირველ ადგილზე Samsung იყო, თუმცა IV კვარტალში ლიდერობა Apple-მა მოიპოვა, რაც ახალი iPhone-ის გამოშვებასთან იყო დაკავშირებული.
რაც შეეხება საქართველოს, Statcounter-ის ინფორმაციით, ადგილობრივი ბაზრის, დაახლოებით, 40% Samsung-ზე მოდის, Apple-ს სმარტფონებს ბაზრის 26.3% უჭირავს, მესამე ადგილზე 19.4%-იანი წილით Xiaomi-ა, მეოთხეზე კი - Huawei (5.9%).
