მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტეიბლკოინი TETHER-ი რეზერვების დასაზღვევად ბიტკოინის შესყიდვას იწყებს

6465db4d03101
გიორგი თოლორდავა
18.05.23 23:30
712
მსოფლიოს უმსხვილესი სტეიბლკოინი Tether-ი საკუთარი რეზერვების დასაზღვევად და საინვესტიციო პორტფელის გასაფართოებლად ბიტკოინის შესყიდვას დაიწყებს.

კომპანიის განცხადებით, ყოველთვიური წმინდა მოგების 15% ბიტკოინში იქნება ინვესტირებული. Tether-ის წარმომადგენლობის განმარტებით, ბიტკოინი საუკუნის საუკეთესო საინვესტიციო აქტივია, რომელიც დივერსიფიკაციის კარგ საშუალებას წარმოადგენს. ამჟამად კომპანია დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინს ფლობს, რეზერვის 85% კი ფასიან ქაღალდებსა და ნაღდ ფულზე ნაწილდება.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Tether-მა 1 მილიარდ 480 მილიონი დოლარის წმინდა მოგების მიღება შეძლო. კომპანიის ძირითადი შემოსავლის წყარო სტეიბლკოინის ტრანზაქციების გატარების შედეგად მიღებული საკომისიოა.

მოგეხსენებათ, Tether-ის მიერ გამოშვებული სტეიბლკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 82 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცირკულაციაში ამჟამად სწორედ ამდენი USDT-ია. ყოველდღიური ტრეიდინგის მოცულობით USDT გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, საბაზრო კაპიტალიზაციით კი ის მესამე ადგილზეა, ბიტკოინისა და ეთერიუმის გვერდით.

ზოგადად, სტეიბლკოინი კრიპტოინდუსტრიაში ნაღდი ფულის ფუნქციას ასრულებს და USDT არა ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების, არამედ ამერიკული დოლარისა და ევროს კონკურენტია, რადგან მისი ღირებულება ყოველთვის 1 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები