„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2019 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან.
რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.
"საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით. კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, შედეგის 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა. საქართველო კვლავაც პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის, თუმცა აღსანიშნავია ბოლო წლებში ინდექსში საქართველოს ქულის მხრივ პროგრესის ნაკლებობა, რაც ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს.
რეგიონის ქვეყნებიდან, 2019 წლის ინდექსში, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სომხეთისა და აზერბაიჯანის შედეგები (შესაბამისად, შვიდი და ხუთი ქულით)",- ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციაში.
მთავარი გამოწვევები
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შედეგების ანალიზში ვკითხულობთ, რომ „სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია კერძო სუბიექტების ხელში მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება რეგიონში. საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენა კვლავაც ძირითადი გამოწვევაა პოლიტიკური სისტემის კეთილსინდისიერებისთვის საქართველოში, რომლის შედეგიც კორუფციის აღქმის ინდექსში ორი ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით.“
2019 წლის ინდექსში საქართველოს შედეგი მიუთითებს, რომ გადაუჭრელი რჩება ის პრობლემები, რაც გასული წლის ანგარიშში იყო ხაზგასმული:
ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში
კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში
სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება
მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე
დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა
რეკომენდაციები
კორუფციის მხრივ საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები ანტიკორუფციული სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით:
ხელისუფლების შტოებს შორის წონასწორობის უზრუნველყოფა
ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მათი გაძლიერება
სამართალდამცავი ორგანოების დაცვა არაჯეროვანი პოლიტიკური ზეგავლენისგან
თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა
ქმედითი რეაგირება პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების დარღვევებზე
ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებსა და განსხვავებული აზრის მქონე სხვა ჯგუფებზე თავდასხმების შეწყვეტა
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიების შეწყვეტა.
კორუფციის (მათ შორის მაღალი დონის კორუფციის) შემთხვევებზე რეაგირების ქმედითი მექანიზმის - დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა
კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ
კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც წელს 27-ედ ქვეყნდება, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.
2019 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (87 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სომალიში (9 ქულა).
2019 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“.