ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაიწვიოს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ მომზადებული კანონპროექტი.
“ვხედავთ, რომ ქართველები იბრძვიან დემოკრატიულ გზაზე დასარჩენად. მათ ესმით სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლო მნიშვნელობა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, როგორც განაცხადეს გაიწვიონ ეს კანონპროექტი და დაუბრუნდნენ ინკლუზიურ და დემოკრატიულ რეფორმებს”, - წერს ლანდსბერგისი "ტვიტერზე".
შეგახსენებთ, გუშინ, 8 მარტს, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ ამ კანონპროექტისთვის მხარი არ დაეჭირა.
„საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონი სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივაზე",-წერია ერთობლივ მიმართვაში.