ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერდნენ, რომ ელექტროენერგიის „არაადეკვატურად მაღალი გადასახადი“ მიიღეს და ხშირ შემთხვევაში, თანხა ორმაგი იყო. Bm.ge ამ საკითხზე „თელმიკოს“ გუშინ დაუკავშირდა და განმარტებები ითხოვა. კომპანიის წარმომადგენელმა ჩვენთან ინტერვიუში კონკრეტული მიზეზები არ თქვა და სამი სავარაუდო მიზეზი დაასახელა, თუმცა დღეს უკვე ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, საიდანაც ირკვევა, რომ აბონენტების ნაწილმა ორმაგი გადასახადი კომპანიის მიერ აბონენტებზე დეპოზიტების დარიცხვის მიზეზით მიიღო.
- რას ნიშნავს დეპოზიტზე თანხის დარიცხვა?
- კანონის თანახმად, თუ ყოველი 12–თვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ გადააცილა გადახდის ვადას ან თუ მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მას დეპოზიტზე თანხის შეტანა.
თუმცა როგორც „თელმიკოს“ მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, კომპანია ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის დეპოზიტის დარიცხვას მარტის ბოლომდე აუქმებს. მიზეზი მოქალაქეების მიერ სემეკისთვის მიმართვაა.
„თელმიკოს“ განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
"მომხმარებლის ნაწილს კომპანია "თელმიკოსგან" მიუვიდა სმს შეტყობინება, სააბონენტო ბარათზე დეპოზიტის დარიცხვის შესახებ. დეპოზიტების დარიცხვა მოხდა, საცალო ბაზრის წესების შესაბამისად და მხოლოდ იმ მომხმარებლზე, რომელიც სისტემატიურად არღვევს ელექტროენერგიის გადახდის ვადებს.
თუმცა სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე მომხმარებლის მხრიდან სემეკში მიმართვების გათვალისწინებით, კომპანია "თელმიკო", აუქმებს დეპოზიტის დარიცხვას ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 2022 წლის მარტის ბოლომდე.
გვსურს, აღვნიშნოთ, რომ „თელმიკო“ არ ახორციელებს დეპოზიტის დარიცხვას იმ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მოწოდებული აქვს კომპანიას მომხმარებლის მხრიდან.
ჩვენ ყოველთვის გაგებით ვეკიდებით ჩვენი მომხარებლის მოთხოვნებს და ამიტომ შემდგომში ანალოგიური ვითარების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მომხმარებელს თხოვნით არ დაარღვიონ ელექტროენერგიის გადახდის ვადები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.